პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დეპუტატებს გუშინ ირაკლი კობახიძემ გააცნო.
უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერდა რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი.
კობახიძემ საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კანონპროექტის წარდგენისას „ნაციონალური მოძრაობა" და მისგან წამოსული დეპუტატები ახსენა.
„ნაცების, შმაცების და შმაცუნების შეცვლა წარმოუდგენელია“- თქვა კობახიძემ.
განცხადებას „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი დეპუტატისგან რეპლიკა: „ბებიაშენს დაუძახე" -მოჰყვა.
„ნუ იკრიჭებით რა... ბებიაშენს მოგცემ ახლა შენ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ესენი არიან მარგინალები და ბერბიჭაშვილები,“ - უპასუხა კობახიძემ.
„ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის რომ არ ვიმოქმედოთ ისე, როგორც აწყობს აბსოლუტურად მარგინალურ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავისი ყველა განშტოებით, ვგულისხმობს ნაცებს, შმაცებს და შმაცუნებს. მათი შეცვლა არის წარმოუდგენელი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩემი რწმენა და უნდა გადავიდეთ ჩვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე" - თქვა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მმართველი პარტიის წევრებს სთავაზობს, შეინარჩუნონ შერეული საარჩევნო სისტემა და სანაცვლოდ, არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში არ დააყენოს საკუთარი კანდიდატი, გარდა იმ ოლქებისა, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებს ექნებათ რეალური გამარჯვების შანსი.
"ნუ დავიწყებთ იმის დათვლას, 15-ია, 17 თუ 12 პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატი. მათ აქვთ თავისი არგუმენტები და ცალკე აღებული შესაძლებელია, რომ მყარი არგუმენტებიც იყოს" - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომიდან გამოსულმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობის უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრეა და აღნიშნულ მოსაზრებას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაეთანხმა.
"შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სახელისუფლებო წრეების იმ ნაწილს, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აპროტესტებენ, წინასწარ აფრთხილებს, რომ მათ ამ მოტივით პოლიტიკური არეულობის მოწყობა არ გამოუვათ, რადგან მოქალაქეებისა და ოპოზიცია მათ ადექვატურ პასუხს გასცემს.
"მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას! ეს არა მხოლოდ პოლიტიკური საკითხია, არამედ მისი მიღება უკავშირდება ისეთ უმნიშვნელოვანეს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორიცაა სამართლიანი და პროპორციული არჩევნები, ხმის წონის თანაბრობა, გენდერული, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით თანასწორობა და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა.
პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, პოლიტიკური სტაბილურობისა და სამართლიანობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი და დღეს მასზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებებისა და შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება!" - ნათქვამია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"პროპორციული სისტემა არის მოძველებული უვარგისი და რისკების შემცველი" - ეს განცხდება მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკთა. მანვე დეპუტატებს მიმართა, რომ მისი ფრაქცია მხარს არ დაუჭერს კანონპროექტს და იგივე ქმედებისკენ მოუწოდა კოლეგებსაც.
"სადაც ეს სიტემაა, არიან მუდმივ პოლიტიკურ კრიზისში, რაც გამოიხატება ყოველწლიურ რიგგარეშე არჩევნებში.
პარლამენტის შენობასთან ასევე, მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები შეკრებილი იყვნენ, როგორც პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, ასევე შენობის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზე.
მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ითხოვდნენ, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს დანაპირები, რომელიც 2020 წლისთვის მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ განაცხადა, თუ აღნიშნულ მოთხოვნას ხელისუფლება არ შეასრულებს, პერმანენტული აქციების გამართვას არ გამორიცხავენ.