პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილით გარემოს დაცვის კომიტეტს და შესაბამის სამინისტროს მიმართა და მათგან მყისიერი და დროული რეაგირება მოითხოვა. დეპუტატი მოითხოვს შეისწავლონ რუსთავში არსებული სიტუაცია და განიხილონ საკითხი, გარემოზე ზემოქმედების კანონის გამკაცრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
დეპუტატატის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც რუსთაველებს დიდი ხანია აწუხებთ, მუდმივად ჰქონდა კომუნიკაცია, როგორც ადგილობრივ თვიმმართველობასთან და ქალაქის მერთან, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
"მივმართე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეოურნეობის სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ შეისწავლოს რუსთავში არსებული მდგომარეობა, მიიღონ კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები, რაც შედეგზე იქნება ორიენტირებული. ეს სამწუხარო მაგალითი, რაც ჩვენს ქალაქში ხდება, ალბათ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ამაზე აქტიურად ვიმსჯელოთ. მთელი მსოფლიო ზრუნავს მდგრად განვითარებაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა, სხვადასხვა მრეწველობის დარგი, განვითარდეს ისე, რომ არ დაზიანდეს გარემო, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ეს უნდა იყოს ამომავალი ყველა ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანაც ამ გზაზე უნდა იყოს, რომ ყველა მიმართულებით მდგრადი განვითარება შევინარჩუნოთ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში გიორგი ბეგაძემ.