რუსთავში, "ჩიკაგოს სკვერის" სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.
"ამ სკვერს დატვირთვა აქვს ის, რომ მის შემოგარენში მდებარეობს, როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ასევე სკოლა. აქ გაჩენილი რეკრეაციული ზონა მათ გარე გაკვეთილების ჩატარების საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ როგორც პროექტირების პროცესში, ასევე განხორციელების პროცესში აქტიურად იყო ჩართული მოსახლეობა", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
"ქალაქის მერთან ერთად, მოვინახულეთ მიმდინარე სამუშაოები, ეგრედწოდებულ ჩიკაგოს სკვერის, რომელიც ამ დღეებში ჩადგება ქალაქის სამსახურში. ეს სკვერი ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო მოუწესრიგებელი და ქალაქის მოსახლეობის მოთხოვნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოწესრიგდეს ეს სივრცე", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგასენებთ, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში "ჩიკაგოს სკვერის" ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და გამწვანების სარწყავი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. გარდა ამისა, სკვერში დეკორატიულ-მოსასვენებელი სკამები და ბავშვთა 2 სათამშო მოედანი განთავსდა. პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა სპორტული მოედანი, ამდროისთვის სკვერის ცენტრში ამფითეატრის და ფანჩატურის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 973 564 ლარს შეადგენს.