დარჩენილი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება - კლინიკა რუსთავში პალიატიური მზრუნველობის განყოფილება გაიხსნა.
მკურნალობის ის სპეცფიკა, რომელსაც პალიატიური მზრუნველობა ითვალისწინებს, ინკურაბელური (განუკურნებელი) დიაგნოზის მქონე პაციენტებზეა გათვლილი. ასეთ დიაგნოზებს შორისაა ონკოლოგიური, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და მე-4 კლინიკურ ჯგუფში ან ბოლო ფუნქციურ კლასში შემავალი სხვა დაავადებები.
როგორც კლინიკა რუსთავის პალიატიური მზრუნველობის განყოფილების ხელმძღვანელი ვლადიმერ ფანცხავა აღნიშნავს, განყოფილების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ დარჩენილი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა იმ ადამიანებისთვის, რომელთა დაავადებაც მედიკამენტურ მკურნალობას აღარ ექვემდებარება.
პალიატიური მზრუნველობის განყოფილებაში მოსახვედრად, საჭიროა პაციენტმა ან მისი ოჯახის წევრმა უბრალოდ მიმართოს კლინიკა რუსთავს და სამედიცინო დაწესებულებაში წარადგინოს ფორმა #100, იმის დამადასტურებლად, რომ პაციენტი ნამდვილად განუკურნებელი სენითაა დაავადებული და საჭიროებს პალიატიურ მზრუნველობას.
გარდა ამისა, როგორც ვლადიმერ ფანცხავა აცხადებს, შესაძლოა პაციენტს აღნიშნული ცნობა არ გააჩნდეს, თუმცა ადგილზე მოხდეს სპეციალისტების მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.
უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის პალიატიური მზრუნველობა ყველაზე ჰუმანური ჩარევაა. ამიტომაც, ქვემო ქართლში პირველად, კლინიკა რუსთავი მკურნალობის ამ სპეციფიკური ფორმით პაციენტებს გაუსაძლისი ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომებისგან იცავს.
დამატებითი დეტალების მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 577 04 69 70.