"ისე გალანძღა მძღოლმა ერთი გოგო ნუ დაეჩვიეთ ბარათით გადახდასო. ქეში არ ჰქონდა, 90%ით დარწმუნებული ვარ, რომ მუშაობდა აპარატი, უბრალოდ მერე ვეღარ აღიარა მძღოლმა და დარჩა სულ გადაუხდელი, მაგაზე კი გაჭედა", - მგზავრების ნაწილი კომპანია "ინტერტრანსის" მიკროავტობუსებში საბარათე სისტემით გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.
"ინფო რუსთავს" ერთ-ერთი მგზავრი დაუკავშირდა და აღნიშნული პრობლემის გაშუქება სთხოვა. როგორც მგზავრმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მიკროავტობუსში დაპირისპირება არაერთხელ ჰქონია, მისი თქმით, მძღოლებს არ სურთ მგზავრებმა ბარათით გადახდის სისტემა გამოიყენონ.
საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში "რუსთავის ტრანსპორტი" ფოტომასალაც გავრცელდა. ფოტოებზე უფუნქციო საბარათე სისტემებია ასახული. "ინფო რუსთავის" წყაროს თქმით, სურათები თოდრიასა და რკ. სადგურის ხაზებზეა გადაღებული, თუმცა მისივე ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი სხვა ხაზებზეც ფიქსირდება.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ინტერტრანსში" განუცხადეს, მგზავრების გადასაყვანად ხაზზე გასულ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში ელექტრონული გადახდის აპარატი მუშაობს.
“კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მგზავრების გადასაყვანად ხაზზე გასულ ყველა ყვითელ მიკროავტობუსში ელექტრონული გადახდის აპარატები მუშაობს და უმორჩილესად ვთხოვთ ყველა მომხმარებელს, მიკროავტობუსში გადახდის სისტემის ჩაურთველობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი შეგვატყობინოს ცხელ ხაზზე 0341 285050 “, - აცხადებენ "ინტერტრანსში".