ემუქრება თუ არა საფრთხე რუსთავს [video]

2019-10-06 16:55:47

ცოტამ თუ იცის, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მთა საბჭოთა მემკვიდრეობას ინახავს. [ვიდეო/video] 

იაღლუჯის მთას უახლოესი დასახლებული პუნქტიდან მხოლოდ ხუთი კილომეტრი აშორებს. უკვე 40 წელზე მეტია, რაც ასეულობით ტონაზე მეტი ვადაგასული ქიმიური ნარჩენი სწორედ ამ მთაშია ჩამარხული.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა მემკვიდრეობის სახით, ქვეყნის მასშტაბით ჩამარხული საწამლავები მივიღეთ. ნარჩენების ნაწილი მიწის ზედაპირზეა დარჩენილი და საფრთხეს წარმოადგენს. 

მაშინ როცა სამანქანო გზიდან იაღლუჯას მთას გასცქერით, ალბათ, ვერაფრით წარმოიდგენთ რა შეიძლება იმალებოდეს მის ქვეშ. მთა ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც საქართველოს ამ რეგიონში არსებული მთების უმეტესობა: მცირე რაოდენობის ხეებით, ქვებით დაფარული და მტვრიანი. მარტივად იგრძნობთ, თუ როგორ ინტენსიურად უბერავს აქ ქარი, რომელიც მთის საფარზე არსებულ მტვერს მიმდებარე სოფლებში ფანტავს.

ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქიმიურ დამაბინძურებლებთან (როგორებიც არიან პესტიციდები) ადამიანების კონტაქტი ხდება ჰაერის, წყლის, მტვრის და საკვების მეშვეობით. საშიშია ასევე იმ პირუტყვისგან მიღებული ხორცის და რძის პროდუქტებიც, რომლებიც საკვებად ამ დაბინძურებულ ტერიტორიას იყენებენ. ეს შეიძლება პირდაპირ აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ადგილობრივები წუხდნენ ვადაგასულ პესტიციდებზე, რომლებიც საშინლად აბინძურებდა გარემოს და მათი ვარაუდით, ხალხში ავადმყოფობასაც იწვევდა.

ადგილობრივ მოსახლეობას თითქმის არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის მიწის ქვეშ ჩაფლული. განსაკუთრებულ ინტერესსაც არ იჩენენ, რომ მეტი გაიგონ. პესტიციდებთან დაკავშირებული სააფრთხეების არცოდნა სინამდვილეში პრობლემას ქმნის მათთვის, ვერ ითვალისწინებენ როგორ დაამუშაონ მიწის ნაკვეთები.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივების უმრავლესობამ არ იცის ქიმიური ნივთიერებების სამარხის ადგილმდებარეობის შესახებ,- ისინი პერიოდულად მაინც ხედავენ სატვირთო მანქანებს, რომლებიც პოლიციის თანხლებით მთიდან ჩამოდიან.

ამ დროისთვის იაღლუჯას მთა ისევ საფრთხედ რჩება, მოუგვარებელ პრობლემას ემატება ისიც, რომ ადგილობრივები მთაში ჩამარხული ქიმიური ნარჩენებით არ ინტერესდებიან და საქონელი დაბინძურებულ ტერიტორიაზე გაჰყავთ, შესაბამისად არც ის იციან, რა საშიშროების წინაშე დგანან.

 

ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს