მოქალაქეების ინიციატივით, რუსთავის "ახალგაზრდობის პარკის" ესკიზი შეიქმნა. ესკიზს ერთ-ერთი რუსთაველი, მურადი გლურჯიძე სოციალურ ქსელში ასაჯაროვებს. ფეისბუქ პოსტით მოქალაქე რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას მიერ "ინფო რუსთავის" გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
"ვუსმინე ქალაქის მერს ბატონ ირაკლი ტაბაღუას პირდაპირ ეთერში, მან ასეთი რამ განაცხადა, თითქოს ამ კონკრეტული პარკის აღდგენის, რეკრეაციულ ზონად გამოცხადების და ინფრასტრუქტურის მოწყობის აქტივობა მოქალაქეებმა მივატოვეთ, ინტერესი დავკარგეთ და მათ დაძახილს არ გამოვეხმაურეთ.
მინდა ვუთხრა ბატონ ირაკლის მოქალაქეებს არ დაგვიწყებია არაფერი და ამ ესკიზის შექმნის იდეა სწორედ იმ აქტივობას უკავშირდება, გიორგიც სწორედ იმ დღეს ჩაერთო ამ აქტივობაში და მან თავისი მოქალაქეობრივი კეთილი ნებით შექმნა ეს ესკიზი, უბრალოდ როდესაც ესკიზი ჩაბარდა მერიაში(ფოტოებში დევს ჩაბარების განცხადება) ოფიციალურად ჩემი იქ ყოფნა არ ჩავთვალე საჭიროდ", - წერს მურადი გლურჯიძე.
ესკიზის ავტორი არქიტექტორი გიორგი არევაძეა. როგორც პოსტის ავტორი წერს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას ესკიზი 2 თვის წინ, ივლისში წარუდგინეს და ამ ეტაპზე პროექტის დამტკიცებას ელოდებიან.
"ესკიზი მერიამ ჩაიბარა 2 თვის უკან 17/07/2019-ში და დიდი მოლოდინით და იმედებით ველით ამ პროექტის დამტკიცებას, ან საერთოდ თუ დამტკიცდება. თუ პროექტი მოგწონთ, ბიუჯეტში გამონახავთ თანხებს და აპირებთ განხორციელებას, როდისთვის იგეგმება მიახლოებითი თარიღი რომ გვითხრათ თუ შეიძლება.
ხოო, რაც იმ პირველ შეხვედრაზე, შარშან დაგვპირდა ბატონი ირაკლი ნაწილობრივ შესრულდა, დამონტაჟდა 8 ცალი ბრა და 8 ცალი ლედ განათების ნათურა, რომელიც არც თუ ისე კარგად ანათებს და დაახლოებით 400 ლარის ღირებულებისაა. სიტუაცია ეხლაც საშინელია, დანგრეულია ყველაფერი და ოფიციალურად 90-იანი წლებია ისევ. მიდის ისევ ლუდის სმა და დაბინძურება იქაურობის.
P.S.თუ გადაწყდა ამ პროექტის განხორციელება, მოქალაქეები აუცილებლად ჩავებმევით და ჩვენი შესაძლებლობებით მივიღებთ მონაწილეობას ამ კარგი საქმის განხორციელებაში", - წერს მურადი გლურჯიძე.