მესხიშვილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა

2019-09-02 10:25:44

პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES" ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9" (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება რუსთავში, 3 სექტემბერს დაიწყება და პროცესი 6 სექტემბერს დასრულდება. ორგანიზატორებმა მესხიშვილის გამზირი 3 სექტემბრის ნაცვლად, დღეს, 2 სექტემბერს გადაკეტეს. გადაღებები ხვალ, 3 სექტემბერს დაიწყება.

აღნიშნულის გამო, რუსთავში  ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება.

"ფილმის გადაღებების გამო, გადაიკეტება მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე. შესაბამისად აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება და პარალელური ქუჩების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, კერძოდ კლდიაშვილი, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და  ლეონიძის ქუჩების გავლით"- ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავის მერიიდან აცნობეს. მესხიშვილის ქუჩაზე გადაადგილება ქვეითებისთვისაც შეიზღუდება.

სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

რაც შეეხება რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსების მარშრუტს. როგორც ინფო რუსთავს კომპანია ინტერტრანსში განუცხადეს, მიკროავტობუსები, რომელიც მე-12 მიკრორაიონიდან (წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია) რკინიგზის სადგურის მიმართულებით  მოძრაობდნენ, მე-12 მიკრო-რაიონიდან, კონკრეტულად კი სოკარის ბენზინ გასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გალვენ.

დროებითი ცვლილებებიდან გამომდინარე, კი დიდუბის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თოდრიას ქუჩის ნაცვლად, მე-14 მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი სუპერმარკეტ "სპარის"(ყოფილი სუპერმარკეტი "პრინცი") უკანა მხრიდან გავლენ.