"სარემონტო სამუშაოებზე დახარჯულია 1 200 000 ლარი"

2019-08-26 12:20:55

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში 2019-2020 სასწავლო წლისთვის გაერთიანების მიერ სააღმზრდელო დაწესებულებებში ჩაატარებული მოსამზადებელი სამუშაოებია მიმოხილული. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ბაღებში განხორციელებულ პროექტებზე ბიუჯეტით განსაზღვრული თანხებიდან ჯამში დახარჯულია 600 ათას ლარამდე. მერიის ინფრასტრუქტურის სამასახურის მიერ ბაგა-ბაღების სარემონტო სამუშაოებზე დახარჯულია 1 მილიონ 200 ათას ლარი, ასევე ხორციელდება 370 ათასი ლარის ტრანსფერის ათვისება სარემონტო სამუშაოებზე.

განცხადებას "ინფო რუსთავი" უცვლელად გთავაზობთ.

"გაერთიანების ინფორმაციით, რუსთავის ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის ახალი, 2019-2020 სასწავლო წელი დაიწყო - 26 აგვისტოს ჩვენს ფილიალებში დასაქმებული პერსონალი მუშაობას შეუდგა.
16 სექტემბერს პატარებიც დაუბრუნდებიან საყვარელ მასწავლებლებს,ძიძებს, გამგე დეიდებს და მათი ხმებით აივსება ეზო და დერეფნები, ფერებითა და ზაფხულის ამბებით ახმაურდება ჯგუფები...

ზაფხულის განმავლობაში გაერთიანების, ბაღის პერსონალისა და განსაკუთრებით - მშობლების ჩართულობით არაერთ ბაღში ჩატარდა და ზოგან ახლაც გრძელდება სარემონტო სამუშაოები: დამთავრდა გამაგრებითი სამუშაოები N25 ფილიალის ერთ ფლიგელში და 6 გარემონტებულ ჯგუფს დაუბრუნდებიან პატარები; შეიცვალა ფანჯრები, კორიდორში დაეგო მეთლახი და მოწესრიგდა გარე ფასადი N27 ფილიალში, ბაღს დაუბრუნდება კიდევ ერთი, წლების განმავლობაში იჯარით გაცემული ჯგუფი; N36 ბაგა-ბაღს დაემატა 3 ახალი, გარემონტებული ჯგუფი და რესურსოთახი; N22 ბაგა-ბაღში გარემონტდა 2 ჯგუფი; ხელახლა აშენდა და რემონტდება N17 ფილიალის ავარიული დერეფანი; ნაწილობრივ შეიცვალა ფანჯრები და რემონტდება დერეფანი N43 ბაგა-ბაღში; N40,21,1 ფილიალებში ნაწილობრივ იცვლება ლამინატი. ბავშვების მისაღებად ემზადება მე-8 ფილიალი, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ხანგრძლივი გამაგრებითი და სარემონტო სამუშაოების დამთავრების შემდეგ... ბაგა-ბაღების გაერთიანებამ ახალ სტანდარტებზე მორგებული რბილი და მაგარი ინვენტარი შეიტანა N20, 36 ბაგა-ბაღების რეაბილიტირებულ ჯგუფებში;

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალში შეივსო და განახლდა საწოლები, ტანსაცმლის კარადა და სკამები. შეძენილია ასევე მწერებისგან დამცავი ბადეები ყველა ჯგუფისთვის.
დამთავრდა ტენდერი სამზარეულოსა და ჯგუფებისათვის ყველა სახის ჭურჭლის შესაძენად.
გაერთიანებამ შეიძინა და დაამონტაჟა ფილიალებში 9 ელექტროქურა ახალი ინფრასტრუქტურული სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისად.

გასული სასწავლო წლის განმავლობაში შემოიღობა 5 ბაგა-ბაღი, სამ ბაღს შეეცვალა ცენტრალური ჭიშკარი. წლის პრიორიტეტია ეზოს აქტივობებისთვის საჭირო ინვენტარი და სენსორული ბილიკები, რაზეც დაწყებულია მუშაობა მუნიციპალიტეტისა და მშობელთა ჩართულობით.

აღნიშნულ პროექტებზე გაერთიანებისთვის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხებიდან ჯამში დახარჯულია 600 ათას ლარამდე. ქ. რუსთავის ინფრასტრუქტურული სამასახურის მიერ ბაგა-ბაღების სარემონტო სამუშაოებზე დახარჯულია 1 მილიონ 200 ათას ლარი, ასევე ხორციელდება 370 ათასი ლარის ტრანსფერის ათვისება სარემონტო სამუშაოებზე.

წლის განმავლობაში გაგრძელდება 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა განცხადებით ჩარიცხვა არსებულ ვაკანსიებზე. განცხადებების მიღება ვაკანსიების შესავსებად სექტემბრის დასაწყისიდან განახლდება.

რაც შეეხება ბაგის ჯგუფებს, ვაკანსია შეივსება ელექტრონული რეგისტრაციის სარეზერვო სიიდან.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება, მისი ყველა სამსახური, ბაგა-ბაღების პერსონალი წელსაც ყველაფერს გააკეთებს ჩვენი პატარების კომფორტისა და აღზრდა-განათლებისთვის, მათი ბავშვობის გასალამაზებლად!", - ნათქვამია განცხადებაში.