2019-08-26 16:18:43
რუსთავში, ხერხეულიძის #16-ში უნებართვო მშენებლობა ხორციელდება. საცხოვრებელი კორპუსის ეზოს შესასვლელში უცხო პირი ჯიხურს უკანონო გზით დგმას.
"ინფო რუსთავს" ადგილობრივები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ახალი ჯიხური მათ გზას უკეტავს და ფაქტობრივად ეზოში შესვლის საშუალებას არ უტოვებს. მათივე ინფორმაციით, მფლობელმა მეზობლებისგან გაუფრთხილებლად და მათი თანხმობის გარეშე, სრულიად მოულოდნელად მიიტანა ხერხეულიძის ქუჩაზე ჯიხურის უკვე მზა კონსტრუქცია. კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, მეპატრონესთან გასაუბრება სცადეს, თუმცა კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.
ცხადია, "ინფო რუსთავმა" ჯიხურის მფლობელთან გასაუბრება სცადა. მართალია, უშუალოდ მასთან კავშირზე ვერ გავედით, თუმცა ვესაუბრეთ იმ მიწის ნაკვეთის მეპატრონეს, რომელზეც ჯიხური იდგმება. მისი თქმით, ნაკვეთი 2008 წელს შეიძინა და მისი განკარგვის უფლება სხვა პირს მისცა. მიწის მფლობელი გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ ხერხეულიძის #16-ში ჯიხურის ჩადგმის პროცესი კანონიერი გზით ხდებოდა, თუმცა საინფორმაციო სააგენტომ ფაქტი მერიის შესაბამის სამსახურებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ეკა პაპუაშვილის თქმით, მერიას ხერხეულიძის ქუჩაზე ჯიხურის ჩადგმის ნებართვა არ გაუცია, ხოლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, აკაკი ხვედელიძის ინფორმაციით, სამსახურს 3-დან 5 დღემდე სჭირდება ტექნიკური მხარეების მოსაწესრიგებლად და ამ დროში ჯიხურის ტერიტორიიდან აღება მოხდება. ამასთან, მეპატრონე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდება.
შეგახსენებთ, მოსახლეობის პროტესტი "ინფო რუსთავმა" გუშინ გააშუქა.