ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის დაიკლებს და 2 985 000 გახდება.

2017-03-23 10:31:47

2014 წლის 4-19 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2002 წლის აღწერის შედეგებთან (4 371 535 ადამიანი) შედარებით 15%-ით შემცირდა და მოსახლეობის საერთო რაოდენობამ 3 713 804  ადამიანი შეადგინა. 


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2,985,000 გახდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შობადობის მაჩვენებლის უარყოფითი  ტენდენციები არ შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ვარაუდი გამყარებულია იმ მოსაზრებით, რომ 2017-2018 წლებიდან ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა, როდესაც საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევების მიხედვით, ოჯახებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც. შესაბამისად, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების თვალსაზრისით.

 

განცხადებას ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.