გზამკვლევი რუსთაველებისთვის [photo]

2019-07-23 12:44:02

მეტი მწვანე სივრცე ქალაში, სადაც რუსთაველები თავისუფალ დროს დასვენებასა და გართობას შეძლებენ - ეს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მოთხოვნად რჩება.

რუსთავში ბევრი ისეთი პარკი და საჯარო  სივრცე არაა, სადაც მცირეწლოვან ბავშვს სუფთა ჰაერზე გაასეირნებთ, თუმცა ასეთი ადგილების მოძებნა მაინც შესაძლებელია.

ეს სტატია განსაკუთრებით საინტერესო მათთვისაა, ვისაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და სჭირდება გზამკვლევი, იმის გასარკვევად, თუ სად შეიძლება რუსთავში ბავშვის გასეირნება და გასართობად წაყვანა.

პირველ რიგში, ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ სუფთა ჰაერის მოძებნა ქალაქში ჭირს, თუმცა ყველაფრი შედარებითია.

1. რუსთავის ცენტრალური პარკი

მათთვის, ვინც ზაფხულში ქალაქგარეთ შვილის გაყვანას ვერ ახერხებს, რუსთავის ცენტრალური პარკი საუკეთესო არჩევანია. პარკში პატარებისთვის მოწყობილია მცირე ზომის აუზი, ასევე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი პარკში არსებული ტბა, რომელშიც ბანაობა 10:00 საათიდან 20:00 საათამდეა შესაძლებელი. აღნიშნულ საჯარო სივრცეში შეხვდებით კვების ობიექტს, ბავშვებისთვის საყვარელი ტკბილეულის, სხვადასხვა სასუსნავისა თუ პოპკორნის ჯიხურებს. ამასთან, რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილია ამფითეატრი, რომელიც სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი. ცენტრალურ პარკში ნახავთ რამდენიმე შადრევანსაც, რაც ცხელი ზაფხულის საკმაოდ გრილი და სასიამოვნო გამოსავალია.

2. "ალიევის" სკვერი

სკვერი ქალაქის ისეთ ნაწილშია, რუსთავში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თქვენს დანიშნულების ადგილამდე მიყვანას შეძლებს. პარკში შეხვდებით შადრევანს, ატრაქციონებს, რომელიც კომერციულ მოგებაზე არაა გათვლილი და სარგებლობის შემთხვევაში მასში ფულის გადახდა არ მოგიწევთ. ასევე აღნიშნულ სივრცეში მოწყობილია ფანჩატური, ფანჩატურში განთავსებულია მაგიდა და სკამები, სადაც ჩამოსხდომასა და სურვილის შემთხვევაში თქვენს მიერ მომარაგებული სასუსნავების მირთმევას შეძლებთ.

3. კლდიაშვილის სკვერი

ატრაქციონები - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა განტვირთვისა და გართობისათვის. სამწუხაროდ, რუსთაველებს ამ ხერხით გართობის საშუალება საკუთარ ქალაქში ნაკლებად ეძლევათ, რადგანაც რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ არსებობს პარკი, რომელიც მთლიანად ატრაქციონებით იქნება შთანთქმული. კლდიაშვილის სკვერი, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი სივრცეა ქალაქში, რომელშიც პატარებს ატრაქციონებით სარგებლობის საშუალება ეძლევათ. აღნიშნული სივრცე არაა მხოლოდ თავშეყრის ადგილი, პარკში ბავშვებს გარდა გასეირნებისა, შეუძლიათ ადრენალინიც მიიღონ.

4.ლეონიძის პარკი

პარკში შეხვდებით მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ სპორტულ მოედანს, რომელიც ბავშვებს სპორტულ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს, ასევე აქ ნახავთ მზესუმზირის, ტკბილეულისა და სხვადასხვა სასუსნავის გამყიდველ ბებოებს, შეძლებთ იყიდოთ პოპ-კორნიც. ასე რომ, ლეონიძის პარკში სტუმრებს როგორც გასეირნებისა თუ ჩამოსხდომის, ისე სხვადასხვა ხერხით გართობის საშუალებაც ეძლევათ.