მუნიციპალური სერვისების პროცესების ოპტიმიზაცია

2019-07-09 17:49:54

მარნეულის მერია მოქალაქეებისთვის ახალ მუნიციპალურ მომსახურებას ნერგავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით, მარნეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მაღალი დონის მუნიციპალურ მომსახურებას გაუწევს.

თანამშრომლობის ფარგლებში, სააგენტო, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, უზრუნველყოფს „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემების (მმს) დანერგვას, საჭირო ტრენინგების ჩატარებას და შემდგომ მხარდაჭერას.

აღნიშნული საქმის წარმოების სისტემის მიზანია მუნიციპალური სერვისების პროცესების ოპტიმიზაცია, საქმის წარმოების ეტაპების სწრაფად და ეფექტურად წარმართვა, რაც საბოლოოდ მოქალაქის მაღალი სტანდარტით მომსახურებას უზრუნველყოფს.

სისტემის სრულად დანერგვის შემდგომ მოქალაქეები SMS და Email შეტყობინებების სახით მიიღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა უკვე ჩაატარეს რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც მერიის თანამშრომლებს გააცნეს „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ (მმს) ფუნქციონალი.

აღსანიშნავია, რომ სისტემის დანერგვა პირველ ეტაპზე მოხდება სოციალური და ჯანდაცვის სერვისების გასავითარებლად, ხოლო შემდეგ ეტაპზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა - ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების პროცესებთან დაკავშირებული მომსახურების გაუმჯობესებისთვის; აგრეთვე ზედამხედველობის სამსახურის მიერ შესაბამისი სერვისების დახვეწა- გასავითარებლად.

გარდა ამისა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ my.gov.ge მოქალაქის პორტალის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად მოითხოვონ ისეთი სერვისები როგორიცაა: მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება, ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარება, საოპერაციო და მედიკამენტების დაფინანსება, მშენებლობის ნებართვა და ა.შ