სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი რუსთაველი პოლიტიკოსები "ქართული ოცნების"თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას აფასებენ.
პოლიტსაბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის ლიდერმა განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, პარლამენტში მოსახვედრად კი ბარიერი გაუქმდება და 0%-იანი ბარიერი დაწესდება.
როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ბეგაძე აცხადებს, მიღებული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, რაც 0%-იან ბარიერს ეხება, ოპოზიციურ პარტიებს არგუმენტები არ აქვთ. "სრულად ვეთანხმები ინიციატივას, რომლითაც დღეს პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა. 0%-იან ბარიერთან დაკავშირებით კი ოპოზიციას არგუმენტები არა აქვს. პირიქით, ეს ფაქტი უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ყველას, რომ ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში", - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა ჩიქოვანის თქმით, დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება საზოგადოების გამარჯვებაა, თუმცა ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ ნულოვანი ბარიერი შესაძლოა გარკვეული პრობლემების საფუძველი გახდეს. "ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოების გამარჯვებაა, თუმცა არა საკმარისი. აუცილებელია ყველა მოთხოვნა უპირობოდ შესრულდეს, რასაც ამ დღეების განმავლობაში პრაქტიკულად კონსოლიდირებული ითხოვს საზოგადოება. ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა აიღოს, უნდა გაანთაავისუფლოს დაკავებულები და რაც ყველაზე მთავარია, დატვოს გახარიამ თანამდებობა. რაც შეეხება დღეს გახმოვანებულ გადაწყვეტილებას, პროპორციული წესით არჩევნებს ისედაც ითხოვდა საზოგადოება, თუმცა ნულოვანი ბარიერი ვფიქრობ, რომ არ არის საუკეთესო ვარიანტი და გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ხელისუფლება ეცდება, რომ კვლავ შეინარჩუნოს წვრილი პარტიების დახმარებით მანიპულაციის საშუალება, თუმცა საზოგადოება არ არის ბნელი და ვფიქრომ რომ მისი შეცდომაში შეყვანა არავის არ გამოუვა", - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.
"პროპორციული არჩევნები არის ერთმნიშვნელოვნად გამარჯვება სამოქალაქო საზოგადოებისაც და ოპოზიციური პარტიებისაც", - აღნიშნავს "ინფო რუსთავთან" საუბარში "ევროპული საქართველოს" წევრი ნინო იმედაშვილი. "ჩვენ მარტიდან მოყოლებული ვაგროვებდით ხელმოწერებს, რომ ხელისუფლებას პროპორციული არჩევნები დაენიშნა 2020 წლისთვის. რა თქმა უნდა, იდეალური სისტემა არ არსებობს, მაგრამ პროპორციული სისტემა თუნდაც ნულოვანი ბარიერით უკეთესია, ვიდრე არის არსებული სისტემა. ამ სისტემაში ნებისმიერი ამომრჩეველი დაინახავს, რომ მის ხმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა". რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, ნინო იმედაშვილის თქმით, ბარიერი ბუნებრივად გაჩნდება, რაც დამოკიდებული იქნება პარტიებისა და ამომრჩეველის რაოდენობაზე.
"ლეიბორისტული პარტიის" წევრი გიორგი გზირიშვილი საარჩევნო სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს ნაწილობრივ დადებითად აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ ნულოვანი ბარიერი კიდევ უფრო მეტ პრორუსულ პარტიას მისცემს პარლამენტში შესვლის საშუალებას. "პროპორციული სისტემა ყოველმხრივ კარგია, მაგრამ ნულოვან ბარიერს რაც შეეხება, საქართველო ჯერ ამისთვის მზად არ არის. საშიშროება დიდია იმისა, რომ კიდევ ბევრი პრორუსული და ანარქისტული დაჯგუფება მოხვდეს ამ გზით პარლამენტში, რაც ძალიან ცუდია. იქიდან გამომდინარე, რომ წინა არჩევნებზე ჩემმა პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა, ცვლილება ამ კუთხით გვაწყობს, თუმცა გვირჩევნია ჩვენი პარლამენტში შესვლა არ შესვლა დადგეს სასწორზე, ვიდრე არ იყოს ბარიერი", - აცახდებს გიორგი გზირიშვილი.