სკოლა "საუნჯე" იუბილარია.
საგანმანათლებლო დაწესებულებამ დღეს რიგით მე-20 დაბადების დღე აღნიშნა. თარიღთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციამ და მოსწავლეებმა ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობები გამართა.
დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავის პარკში სკოლა "საუნჯის" მოსწავლეების ორიგინალური ნამუშევრები გამოეფინა, სხვადასხვა ლოკაციაზე კი მოეწყო სპორტული თამაშები. "საუნჯის" მოცეკვავეების გუნდმა რუსთაველებს საინტერესო ფლეშმობიც შესთავაზა.
"გადავწყვიტეთ, რომ იუბილე ორიგინალური და საინტერესო ფორმით გვეზეიმა. ჩვენი ბავშვების სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღე უფრო ფართო არეალზე გამოგვეტანა. ამ სივრცეში გამოფენილია ჩვენი მოსწავლეების ნახატები და პირველკლასელების პროექტები დედაენის თემაზე. მოწყობილია წლევანდელი კურსდათავრებულების პერსონალური გამოფენა, რომლებმაც როგორც ფერწერული, ისე გრაფიკული და თიხაში შესრულებული ძალიან საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს. ასევე დღის განმავლობაში მოვაწყვეთ ველორბოლა, მკლავჭიდი, მარათონი და ცოცხალი ჭადრაკი", - განაცადა სკოლის დირექტორის მოადგილემ ნათია ნარეკლიშვილმ.
სკოლა "საუნჯემ" რამდენიმე წელია რაც აქტიური მუშაობა დაიწყო პროექტებით სწავლებაზე, რაც მას სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან გამოარჩევს. ასევე სკოლა მოსწავლეებისათვის ხშირად აწყობს გასვლით ღონისძიებებს ისეთ ლოკაციებზე, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, უმაღლესი სასწავლებლები, ტელევიზიები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში "საუნჯემ" საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა, რის საფუძველზეც უნივერსიტეტის პროფესორებმა "საუნჯის" მოსწავლეებს ფიზიკასა და ასტრონომიაში ლექციები წაუკითხეს, ახალგაზრდებმა კი უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე არსებული ლაბორატორია მოინახულეს. თანამშრომლობა უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების ადმნისტრაციას შორის მომავალშიც იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ სკოლა "საუნჯეში" ასწავლიან საერთაშორისო დონის სერთიფიცირების მქონე პედაგოგები, საგანმანათლებლო დაწესებულება კი მოწყობილია ევროპულ სტანდარტების შესაბამისად, სადაც მოსწავლეებს მათზე მორგებული გარემო ხვდებათ.