შეჩერებული სამუშაოები გორის ქუჩაზე

2019-05-20 17:54:32

რუსთავში, გორის ქუჩის ჩიხებში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია.

საავტომობილო გზის მშენებლობა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება აღნიშნულ მისამართზე 2018 წლის 26 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 23 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გორის ქუჩაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ ნაწილი შესრულდა, ნაწილზე სამუშაოები შეჩერებული, საგზაო ინფრასტრუქტურა კი მოუწესრიგებელია.

"ინფო რუსთავს" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გორის ქუჩის უკმაყოფილო მაცხოვრებლები უკავშირდებიან. როგორც საინფორმაციო სააგენტოსთან მომხმარებლები ყვებიან, მათ საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება უჭირთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც წვიმიანი ამინდია.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელს ზურაბ ტაბაღუას დაუკავშირდა. მისი თქმით, სამუშაოების შემსრულებელ "სამშენებლო კომპანია მაგისტრალს" ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის, კერძოდ კი ვადებზე გადაცილების გამო, ჯარიმები ყოველდღიურად ერიცხება. ზურაბ ტაბაღუას განცხადებით, თუ კომპანია სამუშაოებს დროულად არ განაახლებს, რუსთავის მერია შესაბამის ზომებს აუცილებლად მიმართავს.  სამუშაოების დასრულების ვადა შემსრულებელ კომპანიას 31 ივლისამდე აქვს.