სასამართლო სხდომა რუსთავში [video]

2019-05-30 16:30:29

არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბოლნისის პოლიციის რაიონული სამმართველოს ყოფილ უფროსს კონსტანტინე ქოჩიშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. [ვიდეო/video]

საქმის მოსამართლე მადონა მაისურაძემ საქმის პროკურორის, გიორგი ლობჟანიძის პოზიცია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობასთან  დაკავშირებით გაიზიარა და ბრალდებული კონსტანტინე ქოჩიშვილი პატიმრობაში დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა ბრალდებულის 30 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ბოლნისის პოლიციის რაიონული  სამმართველოს ყოფილ უფროსს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მიხედვით აქვს წარდგენილი, რაც პირის დამცირებასა და იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ბოლნისის პოლიციის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი მიმდინარე წლის 28 მაისს  არასრულწლოვნის მიერ ამოცნობის საფუძველზე დააკავეს. მას და პოლიციის რაიონული სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელს 16 წლის ბიჭი არაადამმიანურ მოპყრობასა და გაუპატიურების მუქარაში სდებს ბრალს. არასრულწლოვანი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე 16 თებერვალს ამხილეს.

სხვა პოლიციელების ვინაობა, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ გამოძიებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს.