რუსთავში, ლომოურის ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკრებულოს წევრებმა აღნიშნული საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
პროექტის მიხედვით ლომოურის ქუჩის რეაბილიტაცია და გაგანიერება მოხდება, ქუჩა იქნება სამზოლიანი, 2 ზოლზე ავტომობილები ზემოდან ქვემოთ ხოლო 1 ზოლზე ქვემოდან ზემოთ იმოძრავებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გზები თავიდან დაიხაზება.
პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილია 1 026 000 ლარი, აქედან 52 000 ათასი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი რეგიონალური ფონდიდან ტრანსფერების ეკონომიებიდან დარჩა ნახევარ მილიონი ლარი, რომელსაც რეგიონალურმა ფონდმა 467 700 ლარი დაუმატა.
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ლომოურის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საკითხმა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნანა შატბერაშვილმა განაცხადა, რომ ლომოურის ქუჩის რეაბილიტაცია პრიორიტეტულია, თუმცა ამ თანხებით ავარიული შენობების რეაბილიტაცია უნდა განხორციელებულიყო.
"ვეთანხმები, ლომოურის ქუჩის გაფართოება არის პრიორიტეტული, მაგრამ ეს არ შეიძლებოდა შეხებოდა იმ თანხებს და იმ მუხლს, რომელიც ითვალისწინებდა ავარიული შენობების შეაბილიტაციას. ისინი მუდამ უნდა იცავდნენ რუსთაველების ინტერესებს და როდესაც პირობას უყენებენ ასე რომ მაშინ სხვა რეგიონში წავიღებ ამის საშუალება არ უნდა მისცენ"- განაცხადა ნანა შატბერაშვილმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარემ გიგა ვეფხვაძემ, განაცხადა, რომ: "ლომოური არჩეული იყო, იმიტომ რომ იყო დიდი მოთხოვნილება, იქ შენდება ახალი სასწრაფო, გზა არის მეტად დატვირთული, მრავალი ავარიები იყო და ამიტომ ყველაზე პრიორიტეტულად ეს ჩაითვალა. მზადდება საბუთები და ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება".