2019-2020 წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი უკვე დაიწყო და 12 ივნისს დასრულდება, თუმცა რუსთავის ზოგიერთ სკოლას 1 წუთიც არ დასჭირვებია იმისთვის, რომ ყველა თავისუფალი ადგილი შეევსო.
რუსთავის #7 საჯარო სკოლას სულ 125 პირველკლასელის მიღება შეეძლო და აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ რაოდენობის მოსწავლე უკვე დარეგისტრირებულია. III ეტაპზე #7 სკოლაში 81 ადგილი იყო თავისუფალი, რაც სკოლის დირექტორის, ლია ჯრარკავას თქმით, დაახლოებით 1 წუთში შეივსო.
125-ვე ადგილი უკვე დაკავებულია რუსთავის #4 საჯარო სკოლაშიც. სკოლის დირექტორის, მამუკა ხამხაძის ინფორმაციით, მესამე ეტაპზე სკოლაში 45 პირველკლასელი იყო მისაღები, ამ რაოდენობის მოსწავლეების დარეგისტრირება კი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაახლოებით 30 წამში მოხდა.
1 წუთში შეივსო #2 საჯარო სკოლაში III ეტაპისთვის დარჩენილი 37 თავისუფალი ადგილი, ჯამში სულ სკოლას 75 პირველკლასელის მიღება შეეძლო.
რაც შეეხება #24 საჯარო სკოლას, სკოლას ჯამში 100 თავისუფალი ადგილი ჰქონდა, რაც უკვე დაკავებულია. III ეტაპისთვის კი დარჩენილი 26-ვე მოსწავლე სკოლამ დაახლოებით 30 წამში მიიღო.
26 ბავშვის დარეგისტრირება შეეძლო III ეტაპზე #11 საჯარო სკოლასაც. საგანმანათლებლო დაწესებულებამ მოსწავლეების ეს რაოდენობა დაახლოებით 1 წუთში მიიღო. #11 სკოლაში მისაღები 75-ვე პირველკლასელი უკვე დარეგისტრირებულია.
საჯარო სკოლებში რეგისტრაცია 3 ეტაპად ხორციელდება.
I ეტაპი - 2019 წლის 25 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა და ამ ეტაპზე საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდნენ.
II ეტაპი - 2 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდა და ამ ეტაპზე იმ ბავშვების რეგისტრაცია განხორციელდა, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმ სკოლაში, რომელშიც რეგისტრირდება; რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია.
III ეტაპი - 21 მაისიდან დაიწყო და 12 ივნისის ჩათვლით გაგარძელდება, თუმცა რეგისტრაციის დასრულებამდეც კი შეგვიძლია გარკვეულ სტატისტიკაზე დაყრდნობით რუსთავის ყველაზე რეიტინგული სკოლები გამოვყოთ.
მეოთხე ეტაპი ანუ, გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.
დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.