"ღამე მუზეუმში" [photo]

2019-05-18 20:54:26

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს რუსთავიც უერთდება.

"ღამე მუზეუმში" - იდეის მთავარი მიზანი იმ ადამიანებისთვის მუზეუმის კარის გაღებაა, რომელთაც დღის საათებში იქ მისვლა არ შეუძლიათ. 

რუსთავის მუზეუმური ღამე კი 19 მაისის ღამე აღმოჩნდა.

ღონისძიების ფარგლებში ნებისმიერ მსურველს, 20:00 საათიდან 01:00 საათამდე მუზეუმში შესვლა სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია.

რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა "გრძელ საღამოზე" სტუმრების  მიღება 19:00 საათიდან დაიწყო, აქ სხვა უამრავ სტუმართან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.

სტუმრებისთვის საგამოფენო სივრცეში სპეციალურად დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით წარმოდგენილი იყო ისეთი ექსპონატები, რომელთა ნახვის საშუალებაც ვიზიტორებს სხვა დროს არ მიეცემოდათ. სადღესასწაულოდ იყო მორთული მუზეუმის ეზოც, ეზოში კი ძველი რუსთავის ამსახველი ფოტოები გამოეფინა, ღია ცის ქვეშ მოეწყო ასევე დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც რუსთავის იტორიასთან იყო კავშირში. ღონისძიებას მუსიკალურად ადდგილობრივი ბენდებისა და კამერული ორკესტრის მიერ შესრულებული კლასიკური თუ თანამედროვე მუსიკა აფორმებდა.

"გახდი რუსთაველის პერსონაჟი" - ეს გახლდათ იმ ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობის დასათაურება, რომელსაც დღეს ისტორიული მუზეუმი ვიზიტორებს სთავაზობდა. სტუმრებს მხატვრის მიერ დამზადებულ "ვეფხისტყაოსნის" რეკვიზიტთან შეეძლოთ გადაეღოთ სურათი და აეტვირთათ მუზეუმის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, საუკეთესო ფოტოს ავტორი კი მუზეუმის მხრიდან დაჯილდოვდება.

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიებები 20:00 საათიდან დაიწყო და კვირეულის პირველი დღე 01:30 საათზე საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.