ბროკოლი, კომბოსტო, მწვანილი, კიტრი, პომიდორი, ლობიო, ბადრიჯანი, ხახვი,ბოლოკი, წიწაკა, შიგადაშიგ ჟოლო, მოცხარი და მარწყვიც. საზამთროსა და ნესვის ჩითილები, სიფერადისთვის დეკორატიული ყვავილები და ზეთისხილის ხეები - რუსთავში, მაიაკოვსკის #14-ში, მე-16 სკოლის ეზოში პატარა "კონტაქტურ ბოსტანს" შეხვდებით, რომელის მოწყობასაც რუსთაველი ახალგაზრდების იდეა უდევს საფუძვლად.
"კონტაქტური ზოოპარკის კონცეფცია ხომ არსებობს, რომ მიხვალ, ცხოველს ხელში დაიჭერ და აჭმევ, ხოდა რატომ არ შეიძლება რომ იგივე იყოს მცენარეების მიმართებაშიც. ნებისმიერ ბავშვს შეუძლია მოვიდეს, ისწავლოს, დარგოს მცენარეები, მოუაროს, მორწყას და ამას მხოლოდ თეორიული სახე არ ექნება. ხელშესახებია ყველაფერი. მხოლოდ ცხოველები არ არიან კონტაქტურები, მცენარეებსაც სჭირდებათ მოვლა და სიყვარული" - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ავტორი მარიამ ქავთარაძე.
"კონტაკტური ბოსტანი" - პროექტის მიზანი ახალი თაობის ბუნებასთან დაახლოებაა.
იდეა რუსთავის ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის, „როტარი კლუბი რუსთავისა“ და რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ „ინოვაციების ფესტივალზე” გაჩნდა. რუსთაველი ახალგაზრდების, მარიამ ქავთარაძის, გიორგი ნანიტაშვილის, ანა ბერიძისა და ანა დევიძის იდეამ გამარჯვება და გრანტი მოიპოვა. იმისთვის, რომ აქტიურად გაგრძელებულიყო ბოსტანზე ზრუნვა, ახალგაზრდებმა პროექტი რუსთავის მუნიციპალიტეტისა და ფონდი ორბელიანის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე შეიტანეს, სადაც მათი პროექტის დაფინანსება მოხდა.
კონტაქტური ბოსტანი არის ადგილი, სადაც იდეის ავტორები და პროექტში ჩართული ბავშვები ერთდროულად სწავლობენ როგორ გახადონ მიწა უფრო ნოყიერი, როგორ დარგონ მცენარეები, როგორ დაამზადონ ჩითილები, რა სიხშირით მორწყონ მათივე დარგული ნერგები და ა.შ
"კონტაქტურ ბოსტანში" მოხვედრა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, აქტივობებში ძირითადად სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, თუმცა, მათი თქმით, ხშირია მშობლების დაინტერესებაც. ამიტომაც, პროექტის ავტორების განცხადებით, "კონტაქტური ბოსტნის" კარი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა.
ახალგაზრდების თქმით, დიდი გამოცდილება მცენარეებთან ურთიერთობაში იდეის განხორციელების დაწყებამდე არ ჰქონდათ, თუმცა სამუშაო პროცესში ყველაფრის სწავლა მოახერხეს და ცდილობენ უფრო მეტი აითვისონ, რა თქმა უნდა ბავშვებთან ერთად.
იდეის ავტორები გეგმავენ სამომავლოდ სხვა სკოლებსაც შესთავაზონ "ბოსტანის მოდელი" და იმედს იტოვებენ, რომ მაგალითი გახდებიან დანარჩენი სკოლებისათვის, რომლებსაც დაგროვებულ ცოდნას გაუზიარებენ.