2026-11-26 18:32:05
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მაშავერას გორაზე არქეოლოგიური გათხრებისას, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხი აღმოაჩინეს.
სამარხში მცირეწლოვანი ადამიანის ძვლებია აღმოჩენილი. სპეციალისტების განცხადებით, აღმოჩენას განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე, ამ პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლებზე, სამარხი აქამდე დაფიქსირებული არ ყოფილა.
როგორც ცნობილია, აღმოჩენილი მასალები დამატებით სამეცნიერო კვლევებს საჭიროებს. კვლევების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი აღმოჩენის ზუსტი დათარიღებისა და მნიშვნელობის განსაზღვრა.
მაშავერას გორა შულავერი-შომუთეფეს არქეოლოგიური კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. კულტურა ძვ. წ. VI ათასწლეულით თარიღდება.
ძეგლზე ნეოლითურ ფენებთან ერთად შუა საუკუნეების კულტურული ფენებიცაა გამოვლენილი, რაც ტერიტორიაზე ადამიანის ხანგრძლივი ცხოვრების შესახებ მიუთითებს.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მაშავერას გორაზე აღმოჩენილია ძვ. წ. VI ათასწლეულისთვის დამახასიათებელი, წრიული და ოვალური გეგმარების ალიზის, ანუ გამოუწვავი თიხის აგურის, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები.
მოპოვებული არტეფაქტები კი ნეოლითური პერიოდის მიწათმოქმედი საზოგადოების ყოფისა და განვითარების დონეს ასახავს.