როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ადამიანების მდგომარეობა

2026-11-20 11:47:05

ფონიჭალაში უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი დაშავდა.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენთან 2 დაშავებული წევს. 11 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონა. მათი ფიზიკური მდგომარეობა, სასიცოცხლო პარამეტრები, ფსიქონევროლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში გახლავთ. ამ ეტაპზე მათ ჯანმრთელობას საფრთხე ნაკლებად ემუქრება, თუმცა დინამიკური კვლევები და შეფასება მუდმივად მიმდინარეობს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. ამ ეტაპზე ფსიქოლოგები ჩაერთნენ საქმეში“,- აღნიშნა კახაბერ ჭელიძემ

რაც შეეხება, 31 წლის კაცს ვის სახლშიც აფეთქება მოხდა, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„უცვლელია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უმძიმესია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ინტენსიური მკურნალობის ფონზე, ინარჩუნებს სტაბილურობას”,- აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა.