2026-11-20 11:18:48
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია, საგამოძიებო მოქმედებები კი გრძელდება.
სულხან თამაზაშვილმა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
„სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია. საბედნიეროდ 5 მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. ასევე, სამწუხაროდ დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი მოქალაქე. პირველ რიგში, მინდა მათ ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ეს ტრაგედიაა, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მძიმეა მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის. საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება - კონკრეტულად შემთხვევის ადგილის დათვალიერება კრიმინალისტების ჩართულობით, ყველა საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს, მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებსა და მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და სამაშველო ღონისძიებებში. მსურს, მადლობა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული უფლება-მოვალეობები. მინდა, მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს მთელი დღის განმავლობაში თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.