მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

2026-10-19 16:38:12

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2026 წლის 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

"ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.“- წერია განცხადებაში.