2026-09-17 11:21:03
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ახალციხეში 9 ავტომობილი და სილამაზის სალონი გაქურდა, ხოლო ერთ სატრანსპორტო საშუალებას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.
"პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ავტომობილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.