2026-09-09 12:16:34
ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დაჯარიმდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით "სურსათის ეროვნული სააგენტო" განცხადებას ავრცელებს.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ვეტერინარულ კლინიკაში შპს ,,ჯიდიემჯი" (ს/ნ 445555685, ბათუმი, ინასარიძის ქუჩა N 16ა) ვადაგასული, უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.
სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს.
რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება",- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.