2026-09-04 19:58:19
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა", 21 ძირი მცენარე „კანაფი“ და 323 აბი „პრეგაბალინი“.
დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით, პოლიციამ მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე, 261-ე, 265-ე პრიმა, 273-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.