თვითნებურად მოწყობილ რბოლის ფაქტზე რომელსაც არასრულწლოვანი ემსხვერპლა ორ პირს ბრალი წარუდგინეს

2026-08-09 16:47:06

ყვარელში თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრანსპორტის  მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 30  აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოწყობილი იქნა ავტო რბოლა, რა დროსაც რბოლის მონაწილე ავტომობილის და რბოლის საყურებლად მისული მეორე ავტომანქანის მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო მართვა და ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მეორე ავტომობილის მგზავრებმა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები, მათგან ერთი არასრულწლოვანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ორივე ავტომანქანის მძღოლი  მოსამართლის  განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით  (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა",- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.