ავტომობილების მართვისას წარმოქმნილი ხმაური ჯარიმას გამოიწვევს

2026-07-07 13:24:48

პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის დადგენილება, რომლის თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში  - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა  300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას.'' - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.