2026-06-17 15:35:36
სტამბოლის ბუიუქჩექმეჯეს (Büyükçekmece) რაიონის სასამართლოს ნივთმტკიცებების საცავიდან, 25 კილოგრამი ოქროსა და 50 კილოგრამი ვერცხლის მოპარვის საქმეზე ორი ეჭვმიტანილი საქართველოში დააკავეს.
ინფორმაციას თურქული მედია "dha.com.tr" ავრცელებს
მათი ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი სავარაუდო ლიდერი მ.ს. და მისი ბიძაშვილი მ.ე. რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ, საქართველოში დააკავეს. მოგვიანებით, ისინი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს ჩაბარდნენ.
ძვირფასი ლითონები, რომლებიც თავდაპირველად არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის დროს იყო ამოღებული, საცავის თანამშრომელმა ერდალ თიმურთაშმა მოიპარა. იგი ამჟამად დიდ ბრიტანეთშია გაქცეული და მასზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულთა საერთო რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი პირები, უძრავი ქონების აგენტი და მანქანების გაქირავების კომპანიის მფლობელი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში ფიგურირებადი ყველა ეჭვმიტანილის ქონება და საბანკო ანგარიშები უკვე გაყინულია.