ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

2026-05-18 11:26:48

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის 2 მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს,   განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა  ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.