2026-02-19 13:14:35
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას ქუთაისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის უკანონო შეძენას სამ მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი.
პირველ რიგში, მოგიყვებით იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს. ოპერატიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას, ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის უკანონო შეძენას სამ მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყვნენ დაკავებული ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა/ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ, როგორც წესი, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის, ტერორისტული მიზნებისთვის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - განაცხადა მაღრაძემ.