სუპერმარკეტში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

2026-01-06 11:07:39

სამართალდამცავებმა ზუგდიდში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მან მაღაზიის თანამშრომელს თანხა იარაღის მუქარით მოსთხოვა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 იანვარს, ზუგდიდში ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს, იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბ.გ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.