2025-12-02 13:46:48
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წარადგინა მნიშვნელოვანი ცვლილებები 11 წლიანი განათლების სისტემასთან დაკავშირებით.
სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი ახალგაზრდების სრულფასოვანი და ზოგადი განათლებისთვის - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას აღნიშნა.
"მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ეს ასახავს იმ მიზანს, რაც უკავშირდება, პირველ რიგში, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში. სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეების მომზადების კუთხით, ეროვნული გამოცდების კომპონენტთან მიმართებით. ამ კუთხით ჩვენ მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი. როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე, ეს იქნება 1-წლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით, სკოლის გარეთ, სასწავლო პროცესებში ჩართვა. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს დაკავშირებული“- განაცხადა გივი მიქანაზემ.