2026-11-13 23:24:20
რუსთავში კავეას კინოთეატრის გახსნას მოსახლეობა უკვე დიდი ხანია ელოდება.
სოციალურ ქსელებში პერიოდულად აქტიურად ისმის კითხვები, რატომ არ იხსნება კინოთეატრი და რა ეტაპზეა სამუშაოები.
კინოთეატრის გახსნის თარიღი რამდენჯერმა ცვლილებამ მოსახლეობის ნაწილში გააჩინა დამოკიდებულება, რომ შესაძლოა, პროექტი საერთოდაც შეწყდა.
საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ გადამღები ჯგუფი „რუსთაველის მოლში“ იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სამშენებლო პროცესს.
მოლის იმ სივრცეში, სადაც კინოთეატრი, პოპკორნის სივრცე, ბოულინგი და კვების ობიექტები უნდა მოეწყოს, შავი სამუშაოები დასრულებულია. კარკასულად მოწყობილია კინოს ერთი დიდი და ორი საშუალო დარბაზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოები, რის შემდეგაც, ახლო მომავალში დაგეგმილია კოსმეტიკური სამუშაოების დაწყება.
შეგახსენებთ, რომ „რუსთაველის მოლში“, დაახლოებით 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, კავეას კინოთეატრი განთავსდება. პროექტი ითვალისწინებს ერთ 150-ადგილიან და ორ 80-80-ადგილიან დარბაზს, პოპკორნის სივრცეს, 6 რიგიან ბოულინგსა და რესტორანს თავისი ვერანდით.
კინოთეატრის გახსნის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა დარჩენილი სამუშაოების დასრულებას სულ მცირე 5 თვე დასჭირდება.