2026-11-08 15:26:48
რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის გამო ექსპროპრიაციის წესით ქონების ჩამორთმევის გადაწყვეტილებას ერთ-ერთი მესაკუთრე, ლეილა მოსულიშვილი, სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ ლეილა მოსულიშვილმა განუცხადა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი მესაკუთრეს 500 კვ.მ მიწის სანაცვლოდ კვადრატულ მეტრზე 300 ლარს, ხოლო მიწაზე არსებულ თითო საცხოვრებელ სახლზე, რომლის ფართობიც დაახლოებით 120 კვ.მ-ია, 219 000 ლარს სთავაზობს.
მოსულიშვილის თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიწისა და 4 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ შეთავაზებული თანხა მისთვის მისაღები არ არის, რადგან ამ ოდენობის თანხით შესაბამისი ქონების შეძენას ვერსად შეძლებს.
"500 კვ.მ მიწა მაქვს და კვადრატულში 300 ლარს მთავაზობენ. საბაზრო ღირებულება რაც არის მიწის, ისაა ჩემთვის მისაღები თანხა, რომ მაგიერის ყიდვა შევძლო. სამგორში, რასაც მშენებლობის ნებართვა აქვს, 200 აშშ დოლარზე ნაკლებად ვერ იყიდი.
მხოლოდ მიწაზე არაა საუბარი, ამ მიწაზე 4 შენობა დგას. ადგილმონაცვლეობაც არ შემოუთავაზებიათ, პირიქით, ვიხვეწებოდი, რომ ადგილმონაცვლეობა გამიკეთონ, მაგრამ უარს ამბობენ. მითხრეს, ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო. მაგათ კომპეტენციაში მხოლოდ ის შედის, მოგიგდონ კაპიკები, ხელში ჩანთა დაგაჭერინონ და მერე სადაც გინდა, იქ წადი. ამ მიწაზე მდებარეობს ჩემი და ჩემი ოჯახის 14 წევრის სახლები.
ექსპროპრიაციის წესით ქონების ჩამორთმევას აუცილებლად გავასაჩივრებ, თუ ვიპოვი სამართალს, აქამდე ვერ ვიპოვე.
წელიწადი და 3 თვეა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვყავარ, ხან მუქარით და ხან კიდევ არ ვიცი, ვერ მითანხმებენ. მეც ადამიანი ვარ და ნერვები მაქვს. ჩემი საკუთრებაა და მის ფასს აფასებს მესაკუთრე. ნება იბოძონ და მომცენ საცხოვრებელი ფართი რანაირიც მაქვს ისეთი, არცერთი სანტიმეტრით მეტი და ნაკლები. სახლები ისე შეაფასეს, არანაირი სტანდარტი და ბაზრის კვლევა არ დადეს, ვითომ დაითვალეს სახარჯი მასალების ფასი. მიწაზე ცალკე თანხას გვთავაზობენ, მასზე არსებულ სახლებზე კიდევ ცალკე. ოთხი ინდივიდუალური საცხოვრებელი შენობაა, ყველაფერი გაკეთებული გვაქვს. ერთ 120 კვ.მ სახლზე, რომელსაც 2 აბაზანა, 2 სამზარეულო, 5 საძინებელი და 2 მისაღები აქვს, 219 000 ლარს გვთავაზობენ, თუ იყიდიან ამ ფასად ამხელა ფართის სახლს, მომცენ",- გვითხრა ლეილა მოსულიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2 ნოემბრის ბრძანებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი 6 მესაკუთრის ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.