2026-10-20 14:52:16
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებული თითქოსდა იაპონიიდან საქართველოში ხელსაყრელ ფასად სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომანქანების ჩამოყვანის მოტივით, 41 დაზარალებულს მოტყუებით გამოართვა და მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხვინა, ჯამში 844 755 ლარი. მიუხედავად დაზარალებულების მიერ თანხის გადახდისა, ბრალდებულმა ავტომანქანები არ ჩამოიყვანა, ხოლო თანხას თაღლითურად დაეუფლა.
"ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვი, 7 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, 34 ეპიზოდი) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე დაეკისრა დაზარალებულებისათვის კომპენსაციის გადახდა და აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ზიანის ანაზღაურებამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.