2026-09-10 23:25:56
რუსთავში, მე-12 მკ/რ-ს მიმდებარედ არსებულ ავტოსახელოსნოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 4-მა ადამიანმა 1 სცემა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით კაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება ავტომობილის პარკინგისა და გაყვანის გამო დაიწყო. საუბარი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და ჩხუბით დასრულდა.
"1 ადამიანი იყო, ის საწყალი, დაახლოებით 4 კაცი ურტყავდა, მოსაკლავად გაიმეტეს. ატყდა წივილ კივილი მერე შეეშინდათ. ეს ბიჭი დაბლა იყო სისხლიანი დაგდებული",- აცხადებს თვითმხილველი ინფო რუსთავთან.
"ინფო რუსთავი" შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ადამიანს გაესაუბრა.
"არაფრის გულისთვის ატყდა ჩხუბი. ახალგაზრდები იყვნენ ძალიან შემეცოდნენ. 4-მა კაცმა სცემა 1 კაცი. სასწრაფო და პოლიციაც იყო მოსული",- განაცხადეს "ინფო რუსთავთან" საუბრისას.
სააგენტო ასევე დაუკავშირდა კლინიკა რუსთავის რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელს, რომელმაც განაცხადა, რომ თავდაპირველად ორი კაცი შეიყვანეს კლინიკაში, მაგრამ ერთი მალევე გაწერეს.
"პაციენტს სახისა და ქალის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ქოქაურმა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.