Eagle Hills-ი კრწანისის ტყე-პარკში 3,433 აპარტამენტის, 1,425 ვილისა და 1,300 თაუნჰაუსის აშენებას გეგმავს

2026-09-01 17:10:35

Eagle Hills-ის კრწანისის ტყე-პარკში Tbilisi Waterfront-ის სახელით დაგეგმილ პროექტში ჯამში 6,158 საცხოვრებელი ერთეულის მოწყობას გეგმავს და პროექტის დასრულება 2040 წლამდეა გათვალისწინებული.

კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობისთვის წარდგენილი დეტალური გრგ-ს(განაშენიანების გეგმის) მიხედვით, ახალ დასახლებაში 3,433 აპარტამენტი, 1,425 ინდივიდუალური ვილა და 1,300 თაუნჰაუსი განთავსდება. პროექტის საპროგნოზო მოსახლეობა 21,500-დან 22,100 ადამიანამდეა განსაზღვრული.

მათგან დაახლოებით 6,000 ადამიანი ვილების ზონაში, 5,900-მდე თაუნჰაუსების ზონაში, ხოლო 10,200-მდე მრავალბინიან აპარტამენტებში იქნება განთავსებული.

საცხოვრებელი განაშენიანების ძირითადი ნაწილი დაბალი ინტენსივობის იქნება. შენობების ძირითადი სართულიანობა 1-დან 6 სართულამდე განისაზღვრება, ცალკეულ ზონებში კი მაქსიმალური სართულიანობა 6-7 სართული იქნება.

საპროექტო გადაწყვეტით საპროექტო ტერიტორიაზე მოეწყობა 4 ძირითადი სამანქანო და 1 ძირითადი საფეხმავლო და მსუბუქი მოტორიზებული საშუალებებისათვის განკუთვნილი შესასვლელი. სამი შესასვლელი მდებარეობს შიდასახელმწიფო შ-4 მაგისტრალის მიმდებარედ და საპროექტო გადაწყვეტით სრულად გათვალისწინებულია შესაბამისი ნორმები, მე-4 სამანქანო შესასვლელი მოეწყობა ფაზა-3-ში აღმოსავლეთ ტერიტორიის მხარეს და ეს უკანასკნელი სრულად ეხმაურება სს გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ გზის მოდერნიზაციის პროექტს. მეხუთე საფეხმავლო კავშირი მოეწყობა ასევე ფაზა 3-ის ტერიტორიაზე თუმცა ჩრდილო-აღმოსავლეთით გარდაბნის მხარეს.  

ტერიტორიები დამატებით ეფექტური მართვისა და განვითარებისთვის იყოფა 3 ძირითად ფაზად რომელიც პროექტის განხორციელების პროცესში მოიაზრება როგორც განაშენიანების დეტალური გეგმების არეალები.  

შენიშვნა: ფართები და ციფრები წარმოადგენს კონცეპტუალური გენერალური გეგმის შესაბამის მონაცემებს და შესაძლებელია დაზუსტდეს შემდგომ ეტაპებზე,  
• ფაზა 1 - 156 ჰა. 
• ფაზა 2 - 142 ჰა.  
• ფაზა 3 - 335 ჰა.

" წინასაპროექტო კვლევების ფარგლებში ტერიტორიაზე ჩატარდა ხე-მცენარეებზე ზემოქმედების მაღალი დონის შეფასება, რომლის შედეგადაც არსებული საპარკე სივრცის ტერიტორიაზე გამოვლინდა მკვრივი მცენარეული საფარის რამდენიმე ზონა. 
აღნიშნულის გათვალისწინებით, განვითარების არეალი ოპტიმიზებულ იქნა ზრდასრულ ხეებზე ზემოქმედების შესამცირებლად - შემცირდა დაგეგმილი ვილების რაოდენობა, საპროექტო საგზაო ქსელი მაქსიმალურად მოერგო არსებულ გამწვანებულ სივრცეებსა და არსებულ დაკვალულ გზებს, საპროექტო ტერიტორიის გენგეგმა დაიხვეწა იმგვარად, რომ თავიდან აცილებულიყო ან მინიმუმამდე შემცირებულიყო ხეების მოჭრა. 
ხე-მცენარეებზე დარჩენილი ზემოქმედება მართული იქნება ზემოქმედების შერბილების იერარქიული მიდგომის საფუძველზე. სანიტარიული ჭრის ფარგლებში მოიჭრება მკვდარი, გამხმარი, დაავადებული, ლპობადი ხეები, დაბალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუჩქები და კენკროვანი ხეები, რომელთა ღეროს დიამეტრი 12 სმ-ზე ნაკლებია. ჯანმრთელი ხეები, რომელთა შენარჩუნება საბოლოო განაშენიანების გადაწყვეტიდან გამომდინარე შეუძლებელია, შემოთავაზებულია ფრთხილად გადაირგოს დროებით სანერგეში და შემდგომ ხელახლა დაირგოს საპროექტო ტერიტორიაზევე, ერთიანი ეკოლოგიური ხასიათისა და მცენარეული საფარის შენარჩუნების მიზნით. 
გადარგვის სტრატეგია უპირატესობას მიანიჭებს ადგილობრივ ხის სახეობებს, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს გადარგვის წარმატების ალბათობა 
და შენარჩუნდეს ტერიტორიის ეკოლოგიური მთლიანობა. იმ შემთხვევაში, თუ გადარგვა ტექნიკურად შეუძლებელი იქნება ან საჭირო გახდება დამატებითი გამწვანების განხორციელება, დაირგვება ახალი ხეები შესაბამისი ადგილობრივი და დამატებითი სახეობების გამოყენებით, რაც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების გაზრდას, ეკოლოგიური მდგრადობის გაძლიერებას და განაშენიანების საერთო ლანდშაფტური და ესთეტიკური ღირებულების გაუმჯობესებას",- ვკითხულობთ დოკუმენტში.