რუსთავში იაღლუჯის მიწის მესაკუთრეები გუბერნატორს და მერს შეხვდნენ

2026-07-24 19:23:58

იაღლუჯის ფერდზე არსებული მიწის ნაკვეთების მფლობელები ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს და რუსთავის მერს შეხვდნენ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარემ დავით მეტრეველმა განაცხადა, რომ შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.

"შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. მუშაობის დროს გამოიყო ერთი და იგივე ნაკვეთები რომლებიც ერთი და იგივე სექტორში იყო დაფიქსირებული. ეხლაც მიმდინარეობს ნაკვეთების გადამისამართება თუ როგორ უნდა განცალკევდეს  და შემდეგი სამუშაო შეხვედრაც ჩაინიშნება. შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე დადგენილი იქნება ფასი, როგორ და როდის დაიწყება რეგისტრაცია. ყველა იმ კითხვას გაეცემა პასუხი რომელიც აინტერესებს საზოგადოებას",- განაცხადა დავით მეტრეველმა.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რომ საკითხი დეტალურად განსახილველია და საჭიროებს მორიგ შეხვედრებს.

"ჩვენ გვქონდა მორიგი შეხვედრა იაღლუჯის მიწების საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო სამუშაო შეხვედრა სადაც საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან ერთად გავიარეთ ის საკითხები რომლებიც სრულყოფს ამ საკითხს. რუსთაველებმა იციან რომ ეს საქმე არის ათწლეულობის გადაუწყვეტელი საქმე რაზეც მუშაობა დავიწყეთ. უკვე 6-7 თვეა შიდა შევედრები მიმდინარეობს  მოსახლეობასთან. ძალიან რთული საკითხია რადგან ზოგმა მოსახლემ არ იცის ადგილმდებარეობა ნაკვეთის ან არ ფლობენ შესაბამის დოკუმენტაციას, ზოგს საჯარო რეესტრი არ ურეგისტრირებდა. ბევრი ისეთი საკითხია რომელიც დეტალურად, მშვიდად საქმიან გარემოში საჭიროებს განხილვას.",-  განაცხადა ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის წარმომადგენლები, დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რწმუნებულის და მერის მოადგილეები.

იგეგმება კიდევ ერთი შეხვედრის ჩანიშვნა, რწმუნებულსა და მიწის მეპატრონეებს შორის.