2026-07-01 14:01:12
თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროთი დაკავშირება, შესაძლოა, არსებული რკინიგით მოხდეს.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"თბილისის მერიის ინიციატივით, „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით, დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება. საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესებით არის გამოცხადებული და ინტერესთა გამოხატვისთვის განსაზღვრული ვადა 13 ივლისს დასრულდება. პროექტის კონცეფცია თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას ეფუძნება, რომელიც ითვალისწინებს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან. ეს ძირითადად გულისხმობს არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ახალი სარკინიგზო მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობის განხილვაც...
პროექტის მიზანია, კვალიფიციურმა საკონსულტაციო კომპანიამ ჩაატაროს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც თბილისის აგლომერაციაში საქალაქო რკინიგზის დერეფნის განვითარებისთვის საუკეთესო ალტერნატივებს განსაზღვრავს. ასევე, შეფასდება გარემოსდაცვითი, სოციალური და ფინანსური მხარე. კონკურსში მონაწილე კომპანიებიდან საუკეთესო პრეტენდენტი შეირჩევა, გარკვეული სატენდერო პროცედურების შემდეგ კი კვლევითი სამუშაოები დაიწყება. ამის შემდეგ გვექნება სრული სურათი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული მიმართულებით. პროექტი დედაქალაქის სატრანსპორტო გეგმის ნაწილს წარმოადგენს და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ფოტო: AI