2026-06-29 18:37:53
რუსთავის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის ელექტროავტობუსებით განახლებას გეგმავს.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში რუსთავის ეკოლოგიაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
ლაცაბიძის თქმით, ქალაქის მდებარეობა იძლევა საშუალებას, რომ მგზავრებს ელექტროავტობუსები მოემსახუროს.
"ერთ-ერთი ჩვენი ვალდებულება სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება იყო. დღეს ევრო 5 და ევრო 6 სტანდარტების ავტობუსები მოძრაობს როგორც შიდა, ასევე რუსთავი-თბილისის მიმართულებით. ამ კუთხით გამოწვევის ერთი ეტაპი თითქოს დავძლიეთ, თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას.
მომავალი არის ელექტროავტობუსები და ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ პრემიერთან და მთავრობასთან ერთად. რუსთავის რელიეფი და ქალაქის მდებარეობა გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ამბიციური გეგმა განვახორციელოთ. შიდა ტრანსპორტის გამოცვლა ძალიან დიდი და კარგ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ეკოლოგიაზე",- განაცხადა მერმა.