მგფ-ის პასუხი რუსთავში 1-ელი, მე-2 და მე-3 სკოლების რეაბილიტაციაზე

2026-05-24 13:06:28

გასული წლის მე-2 სემესტრიდან N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლების შენობებში განაგრძობენ, მიზეზი არის ის, რომ მათი სკოლების შენობები რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და სამხარაულის დასკვნის მიხედვით საჭიროა მათი დემონტაჟი და ახლიდან აშენება.

იგივე შინაარსის დასკვნა არსებობს მე-3 საჯარო სკოლაზეც, თუმცა ამ სკოლის მოსწავლეები კვლავ ძველ შენობაში განაგრძობენ სასწავლო პროცესს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მოსწავლეების მშობლები დაუკავშირდნენ და გვთხოვეს, გაგვერკვია, როდის დაიწყება სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდემდე მოუწევთ მათ შვილებს სწავლის გაგრძელება სხვა სკოლებში.

სკოლებში შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გამოაცხადოს. როგორც ფონდში გვითხრეს, ახლა შესაბამისი პროექტების მომზადება მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად გამოაცხადებენ ტენდერებს.

ზუსტი დრო მგფ-ში არ უთქვიათ, თუმცა ტენდერები ზაფხულში გამოცხადდება.

თუ სამუშაოების შესასყიდად ელ. ტენდერები ზაფხულში გამოცხადდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სკოლებში სამშენებლო პროცესები შემოდგომისთვის უნდა დაიწყოს.