პროტესტი რუსთავის მახლობლად ცხვრის ფარის გადასარეკ გზაზე [video]

2026-05-21 17:51:08

რუსთავში ჩქაროსნული მაგისტრალის მიმდებარედ, სადაც საქონლის გადასარეკი ტრადიციული გზა გადის, მეცხვარეების პროტესტია. [video/ვიდეო]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბექა გონაშვილმა განუცხადა, წელიწადში ორჯერ, როცა მეცხვარეებმა ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებზე, ან პირიქით ფარა უნდა გადარეკონ, უწევთ იაღლუჯის ფერდზე იმ მონაკვეთის გავლა, რომელიც კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის. მისი თქმით, კერძო მესაკუთრე მის ტერიტორიაზე ცხვრის ფარის გატარების სანაცვლოდ თანხის გადახდას ითხოვს.

"გადაადგილების პრობლემა გვაქვს, ზამთრის საძოვრებიდან მთის საძოვრებისკენ და ანალოგიურად შემოდგომის გადმორეკაზეც. ეს ტერიტორიები კერძო საკუთრებაა. ამ ტერიტორიებზე ჩვენ წლები დავდიოდით, მაგრამ დღეს დადგა საკითხი, რომ ფული უნდა გადაგვახდევინონ. ჩემი აზრით ეს არის ეკონომიკის სამინისტროს მოსაგვარებელი საკითხი, რადგან ისინი არიან ცხვრის გადასარეკი ტრასის მესაკუთრეები. ვითხოვთ თავისუფლად გადაადგილებას. მეპატრონესთან კომუნიკაცია გვქონდა 4-5 წლის წინ და გვითხრა, რომ ამ ტერიტორიაზე რომ გაივლით, უნდა გადამიხადოთ 400 000 ლარი წელიწადშიო. მე ვუთხარი, რომ ეს არ იყო რეალური და არ იყოს ჩვენი საქმე. კომუნიკაცია უნდა გვქონოდა ეკონომიკის სამინისტროსთან, გუბერნიასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

თუ ეს არის ცხვრის გადასარეკი ტრასა, რაში უნდა გადავიხადოთ ფული, თუ ყველა ასეთ წერტილზე, სადაც ეს პრობლემაა, ფული უნდა გადავიხადოთ, ბოლოს მწყემსი მთაში მხოლოდ ჯოხითღა ავა",- გვითხრა ბექა გონაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ესაუბრა მიწის ერთ-ერთ მფლობენ ჯაბა ლობჟანიძესაც, რომელიც აცხადებს: "დაახლოებით 10 წელია ჩვენ ტერიტორიაზე დადიან. ამ პერიოდის განმავლობაში ვიკითხეთ, სად უნდა მოგვარებულიყო ეს პრობლემა. საერთო ჯამში 20 ჰა ტერიტორიაა, ხოლო მეცხვარეები დადიან 1ჰაზე. 10 ოჯახი ვართ თანამესაკუთრე. ჩვენს ნაკვეთზე ჩვენი ინტერესი გვაქვს. გვყავს ჩვენი ცხვარიც და საქონელიც. ამ ცხვრის გავლით ტერიტორიაც გვიფუჭდება და სხვადასხვა სახის დაავადებებიც გადააქვთ. 4 წლის წინ დავაყენეთ ოფიციალურად ეს საკითხი, რომ ეს ცხვრები ძველ გზას დაბრუნებოდნენ. შეხვედრები 5 უწყებასთან გვაქვს გამართული, რომ როგორმე ეს საკითხი ისე მოგვარდეს, არც ჩვენი ინტერესი დაზიანდეს და არც მეცხვარეების.

ჩვენ არ ვაპრობლემებთ გასვლას, მთავრობა იქნება, თუ მეცხვარეთა ასოციაცია, მოგვარდნენ ერთმანეთში, ან იჯარის წესით აიღონ, ან ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა გაგვიკეთონ, ან თანხა გადაიხადონ. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თანახმა ვართ ნებისმიერ ვარიანტს განვიხილავთ, რაც ჩვენთვისაც მისაღებია და მათთვისაც",- განგვიცხადა ჯაბა ლობჟანიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც, გვაინტერესებს ფერმერების პრობლემების მოსაგვარებლად რას აკეთებს უწყება, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.