როდის დასრულდება რუსთავში მე-6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია

2026-04-28 16:46:48

რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში N6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 30 აგვისტოსთვის დასრულდება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია შპს ჯი ბი ჯის დირექტორმა გიორგი სულაბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის დროს რიგი საკითხები და შენიშვნები იყო, რაც მოითხოვდა დამკვეთთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან, დაზუსტებებს, რასაც გარკვეული დრო სჭირდებოდა. რამდენჯერმე შეიცვალა პროექტიც და როგორც კონტრაქტორ კომპანიაში ამბობენ, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები განახლებულ შენობაში შეძლებენ სასწავლო პროცესის დაწყებას.

"რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობისას ბევრი დასაზუზტებელი და გასარკვევი საკითხი იყო, რომელმაც დრო წაიღო. სკოლის დირექტორს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები, გარე ტერიტორიის მოპირკეთებასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე მოხდა პროექტის ცვლილება. სამუშაოების დასრულების თარიღია 30 აგვისტო. ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის მოსწავლეები შეძლებენ ახალ შენობაში სასწავლო პროცესის განახლებას",- გვითხრა სულაბერიძემ.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შპს ჯი ბი ჯისთან 2025 წლის 20 ნოემბერს გაახლებულ ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ სკოლის შენობის ერთი
ფლიგელი არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას და შესაბამისად უნდა მომხდარიყო არსებული ფლიგელის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი, რაც თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული არ იყო.

ამ მიზეზით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 6 990 156 ლარი გაიზარდა 583 378 ლარით და შეადგინა 7 573 534.