2026-03-11 11:31:32
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თებერვალში რუსთავში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელების დროს 78 ავტომობილი დააჯარიმეს.
ინფორმაციას თავად დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, 2026 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის კონტროლი მიმდინარეობს, 831 ფაქტი გამოავლინეს.
489 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 138 - ბათუმში, 126 - ქუთაისში, 78 - რუსთავში.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ.
შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით.