ჩეხეთის გარემოსდაცვითმა ორგანიზაცაიმ "არნიკა"-მ ქალაქ რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოს დაბინძურება გამოიკვლია და აღებული ნიმუშების ქიმიური ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა. 114 გვერდიან დასკვნაში დეტალურად წერია როდის, სად რა კვლევა ჩატარდა. გთავაზობთ კვლევის რაზიუმეს:
წინამდებარე კვლევა წარმოადგენს რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე აღებული გარემოს ობიექტების ნიმუშებისა და მათი ქიმიური ანალიზის შედეგებს, რომლებიც შეისწავლის როგორც მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს (POPs), ისე მძიმე ლითონებს. კვლევის მიზანი იყო როგორც ტოქსიკური დაბინძურების ადგილობრივი კერების გამოვლენა, ასევე, ჯანმრთელობასა და გარემოზე მემკვიდრეობითი და მიმდინარე სამრეწველო საქმიანობით გამოწვეული პოტენციური რისკების შეფასება.
რუსთავს დიდი ხნის ინდუსტრიული მემკვიდრეობა აქვს - მოიცავს მსხვილ მეტალურგიულ ქარხნებსა და ცემენტის საწარმოებს, რომლებიც დაბინძურების ძირითადი წყაროები აღმოჩნდა. სწორედ ამ სამრეწველო ზონების, კერძოდ, მეტალურგიული ქარხნების, ცემენტის საწარმოებისა და წიდის საწყობების გარშემო აღებულ ნიადაგისა და მტვრის ნიმუშებში გამოვლინდა რამდენიმე სახიფათო ნივთიერების მომატებული კონცენტრაცია. მაგალითად, სამრეწველო ტერიტორიის სიახლოვეს (GE-RD-1) აღებულ ქუჩის მტვერში ვერცხლისწყლის, ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა საბაზისო დონეებს, შესაბამისად, 4.5-ჯერ, 24-ჯერ და 26-ჯერ აღემატებოდა. ამავე რაიონებთან მდებარე საბავშვო მოედნების ნიადაგში აღმოჩნდა კადმიუმისა და თუთიის მომატებული მაჩვენებლებიც, რომლებიც აჭარბებდა ბავშვთა ქვიშის ყუთებისთვის დადგენილ ჰიგიენურ სტანდარტებს.
მძიმე ლითონების გარდა, გარემოს ობიექტების ნიმუშებში სხვადასხვა ტიპის POPs-ებიც გამოვლინდა. ნიადაგში PCBs-ების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა მეტალურგიულ საწარმოებს შორის მდებარე ტერიტორიასა და სოფელ თაზაქენდში (510 ნგ/გ მშრალ მასაში). სამრეწველო ობიექტების მახლობლად აღებულ მტვრის ნიმუშებში კი PCBs-ების რაოდენობამ მიაღწია 98 ნგ/გ-ს მშრალ მასაში, რაც 4,800-ჯერ აღემატება რეფერენტულ მაჩვენებლად აღებულ სოფელ უდაბნოში დაფიქსირებულ საბაზისო დონეებს. POPs-ების ძლიერი დაბინძურების კვალი აღმოჩნდა ასევე რუსთავსა და თაზაქენდში აღებულ ბუნებრივ გარემოში მოშენებული/გამოზრდილი ქათმის კვერცხებშიც. PCDD/Fs-ებისა და dl-PCBs-ების კონცენტრაციები მერყეობდა 0.73-დან 2.37-მდე პგ WHO-TEQ/გ ნედლ წონაში, ხოლო სუპერმარკეტში შეძენილ კვერცხში იგი მხოლოდ 0.02 პგ WHO-TEQ/გ ნედლ წონაში აღმოჩნდა. ზრდასრული ადამიანის სხეულის საშუალო წონის გათვალისწინებით, დღეში მხოლოდ ერთი ადგილობრივი წარმოების კვერცხის მოხმარება 373%-მდე გადააჭარბებს PCDD/Fs-ებისა და dl-PCBs-ებისთვის ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) მიერ დადგენილ დღიურ დასაშვებ ნორმას
(0.25 პგ WHO-TEQ/კგ სხეულის წონა/დღე).
მდინარე მტკვრიდან აღებულ თევზის ნიმუშებში PCBs-ების კონცენტრაციამ მიაღწია 18 ნგ/გ-მდე ნედლ წონაში, ხოლო DDT-ის დონემ გადააჭარბა 85 ნგ/გ-ს ნედლ წონაში. ქალებისთვის, PCBs-ების დღიური ნორმის მოხმარების სავარაუდო მაჩვენებელმა შეადგინა 7.1 ნგ/კგ-ს სხეულის წონაში, ხოლო DDT-ის კი - 33.7 ნგ/კგ სხეულის წონაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები DDT-სთვის დადგენილ პირობით დღიურ დასაშვებ ნორმასა და რეფერენტულ დოზებს არ აღემატება, მაინც მნიშვნელოვან კუმულატიურ ზემოქმედებაზე მიუთითებენ.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ რუსთავში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს მეტალურგიული და ცემენტის მრეწველობის მემკვიდრეობითი და მიმდინარე გავლენა. დაბინძურების ყველაზე მაღალი დონე მუდმივად ფიქსირდებოდა სამრეწველო ობიექტების სიახლოვეს, ასევე ნარჩენი მასალებისა და წიდის გადამუშავებისა და მეორადად გამოყენების ადგილებში.
გარემოს ობიექტების ნიმუშებსა და ადგილობრივად წარმოებულ სურსათში DDT-ისა და მისი მეტაბოლიტების არსებობა ნათლად მიუთითებს ამ აკრძალული პესტიციდის ბოლოდროინდელ გამოყენებაზე. მსგავსი პრაქტიკა სერიოზულ გრძელვადიან საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით იმ რეგიონში, რომელიც ისედაც მძიმე სამრეწველო დაბინძურებით გამოირჩევა. შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ DDT-ის მაღალი კონცენტრაციები ქალაქის განახლებულ საბავშვო მოედნების ნიადაგშიც კი გამოვლინდა.
ეს დასკვნები ხაზს უსვამს გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით აუცილებელი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას, მათ შორის - რისკებთან დაკავშირებული კომუნიკაციის გაუმჯობესებას, მიზნობრივი დასუფთავების სამუშაოების განხორციელებას, გარემოსდაცვითი რეგულაციების უფრო მკაცრ აღსრულებასა და სურსათსა და გარემოში დამბინძურებლების მუდმივ მონიტორინგს.
კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია ნახეთ აქ