რუსთავში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

2025-09-17 17:57:15

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ერთ-ერთ ძველ უბანში, თბილისის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც ახლა დავიწყეთ, ავარიული კორპუსების გამაგრება-რესტავრაცია ავთენტური იერსახის შენარჩუნებით მოხდება

რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი - თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. 
პროექტი, მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან და რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან ერთად წარადგინა.
პრეზენტაციას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, ქალაქის მერიის წარმომადგენლები და თბილისის ქუჩის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

"ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის განვითარებას და დღეს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ. რუსთავის ერთ-ერთ ძველ უბანში,  თბილისის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც ახლა დავიწყეთ, ავარიული კორპუსების გამაგრება-რესტავრაცია ავთენტური იერსახის შენარჩუნებით მოხდება დღეს მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაში გადავა. პროექტის დასრულების შემდეგ, როგორც ამ ქუჩის მოსახლეობა, ასევე მთელი რუსთავი კიდევ უფრო გამწვანებული სივრცითა და მოწესრიგებული საცხოვრებელი კორპუსებით ისარგებლებს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მასშტაბური პროექტის პირველ ეტაპზე, სრული რეაბილიტაცია თბილისის ქუჩის #4; #16 და #20 საცხოვრებელ კორპუსებს ჩაუტარდება. განხორციელდება ავარიული შენობების დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა-რეაბილიტაციის და გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები. პროექტის პირველ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება თბილისის ქუჩის შუა გამყოფ რეკრეაციასაც, სადაც საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა, გარე განათება და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.

“თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის თანახმად, პირველ რიგში არსებული შენობა-ნაგებობების, განსაკუთრებით კი ავარიული კორპუსების  გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდება. ამ პროექტის მთავარი მიზანი, მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა. ჩვენი გუნდი ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით მასშტაბური პროექტების განხორციელებას და დამატებითი სახსრების მოძიებას აგრძელებს, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მეტი სიკეთე შევმატოთ. თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი სრულად ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 3 282 091 ლარია და  ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტი რამოდენიმე ეტაპად განხორციელდება და რეაბილიტაცია, თბილისის ქუჩაზე არსებულ სხვა ავარიულ კორპუსებსაც ჩაუტარდება. 
თბილისის ქუჩას რუსთავისთვის მნიშვნელოვანი ურბანული და სატრანსპორტო დატვირთვა აქვს, განახლებული და რესტავრირებული ქუჩიდან ბენეფიტს, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბნის მოსახლეობის გარდა, მთელი ქალაქი მიიღებს.

რუსთავში კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია დღეისათვის რუსთაველის და მესხიშვილოს ქუჩებზეც მიმდინარეობს. უკვე შესყიდულია პროექტები 13 კორპუსის რეაბილიტაციის დასაწყებად.

2021-2025 წლებში რუსთავში 80 ავარიული კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.