საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ფრაქციას თავის ხედვებს აცნობდა, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა: „ხომ არ არის დრო, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რაშიც თქვენ კარგად ხართ ცნობილი?“.
მან შეზღუდვების მოხსნის კუთხით 5 მიმართულება გამოყო, მათ შორის ერთ-ერთი რუსთავსა და თბილისს შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა იყო.
„ერთ-ერთი მნიშნელოვანი და საკვანძო საკითხი რუსთავი-თბილისის საქალაქთაშორისო ტრანსპორტია. ყოველდღიურად ათი ათასობით ადამიანი გადაადგილდება იმ მიზნით, რომ თავის სამსახურებში მივიდნენ და დაბრუნდნენ სახლებში. ჩვენ გავხსენით საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგრამ ისეთ ურთიერთდაკავშირებულ ქალაქებს შორის მიმოსვლა როგორიც არის რუსთავი და თბილისი და ვფიქრობ, რომ თქვენს ყურადღებას ნამდვილად საჭიროებს. მე-8 დღე გავიდა, რაც ტრანსპორტი და სკოლები გავხსენით, გვაქვს ინფიცირების ზრდის სტაბილური მაჩვენებელი... ხომ არ გაძლევთ ეს სურათი იმის საშუალებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ვაქცინას მალე შემოვიტანთ, როდესაც ჩვენც, ადამიანებმა შევცვალეთ ქცევის წესი და უფრო მივეჩვიეთ იგივე პირბადის ტარებას, ხომ არ არის დრო, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რაშიც თქვენ კარგად ხართ ცნობილი?", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ ამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკვე ამ კვირიდან, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 80 პროცენტის მოხსნა იგეგმება.
“ამ კვირაში ჩვენ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა, სადაც უკვე გამოვაცხადებთ კონკრეტული შემსუბუქებების ღონისძიებებს და თქვენ მიერ დაყენებული საკითხების 80 პროცენტი, ახლავე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილი იქნება”- განაცხადა ღარიბაშვილმა.